პირი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ – მედია

თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ. ინფორმაციას ამერიკული მედია კლუბის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატმა, რობერტ ბუტაიმ დაადასტურა კრუქსის წევრობა, მაგრამ აღნიშნა, რომ „სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების ფონზე, კლუბს არ შეუძლია, რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით“.

„ცხადია, კლუბი სრულად გმობს გუშინ მომხდარ უაზრო ძალადობას. კლუბი ასევე გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპული მოქალაქის ოჯახს და ლოცულობს ყველა დაშავებულისთვის, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა სპორტსმენთა კლუბის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

მსგავსი თემები