“ძალიან საშიში ადამიანები არიან”- კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული. როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ – ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან – რადიკალების დიდი დაჯგუფება. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ზუსტად ეს ადამიანები არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები, ვინც ყველანაირი სიბინძურის, ბოროტების მკადრებელია“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში და როგორი მმართველობა იყო.

„ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში და რა მდგომარეობა იყო? ამას რომ არ ვახსენებთ საზოგადოებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დაავიწყდა ის მმართველობა, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? – ვინც დღეს ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიანთავიანთ შინაგან მდგომარეობას ხომ ვერ შეიცვლიან? მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი ადამიანი არ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდია, თუ რას უშვრებოდნენ ხალხს და როგორ მართავდნენ ქვეყანას. პირიქით, ისევ იქ დარჩნენ და კიდევ უფრო გაბოროტდნენ“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი მიზანი იქნება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორმე სააარჩევნო ბარიერი გადალახონ.

მსგავსი თემები