22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობა ბათუმში – ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებული ლევან სირაბიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სირაბიძეს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.

სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ 2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. მოკლული თუთაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ლევან სირაბიძეს ხელი მისმა ბიძაშვილმა რიჩარდ სირაბიძემ დააფარა, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია ,,ქართული ოცნებიდან”. პროკურატურამ სირაბიძის გამამართლებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბათუმში 2023 წლის 11 მარტს მოხდა. ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

მსგავსი თემები