,,ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში, უკვე შეჩერდა და გაიყინა” – თინა ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე გაყინეს გარკვეული თანხები, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად იყო გამოყოფილი. მისი თქმით, ეს პროცესი არ გაჩერდება და, სამწუხაროდ, გაგრძელდება.

,,ხელისუფლებას ურჩევნია მაღალპროცენტიანი, ხალხისთვის ბევრად უფრო საზიანო სესხები მიიღოს ჩინეთიდან და სხვა წყაროებიდან, ვიდრე დასავლური ფონდებიდან, რომელთაც ყოველთვის აქვთ საუკეთესო პირობები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, უკვე შეჩერდა და გაიყინა, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ამგვარი ზიანი და დანაკლისები იქნება კიდევ უფრო დიდი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ტყუილია, თითქოს, გერმანიასთან ურთიერთობების გადახედვა საქართველოს ზიანს არ მოუტანს.

,,ტყუილია ის, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გადახედვა საქართველოს არაფერს არ აკარგვინებს და ეს არ გამოიხატება მხოლოდ ციფრებში. ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, დაყვედრების ამბავი. ვითარებაში, როდესაც გერმანია იყო მთავარი სახელმწიფო, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს კუთხით, როდესაც გერმანია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო, “ქართულმა ოცნებამ” ამ პარტნიორობის დასრულებით, საქართველოს სუვერენიტეტს საძირკველი გამოაცალა”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები