შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ბათუმში ჩასული ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის, ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა – გასული წლის მსგავსად ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

შავი ზღვის ხარისხის მონიტორინგი ეტაპობრივად ხორციელდება. ნიმუშები 12 ლოკაციაზე აიღეს. წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. კვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.

შავ ზღვაზე აღებული სინჯებით, დაახლოებით 59 პარამეტრის მნიშვნელობა ისაზღვრება. შესაბამისად, სრული ანალიზისთვის, წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემები იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. წყლის ხარისხის განსაზღვრის გარდა, შენობაში მოწყობილია ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის ანალიზის, მეთევზეობის, აკვაკულტურის მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში ამ ეტაპზე 34 თანამშრომელია დასაქმებული. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტო სამომავლოდ, მონიტორინგის სადგურების რიცხვის გაზრდას დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც აანონსებს.

მსგავსი თემები