,,სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მასობრივი მოსმენების საქმეზე სტრასბურგს მიმართა

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენენ 7 განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები – მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები.

,,2021 წლის სექტემბერში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რელიგიური ფიგურებისა და მათთან დაკავშირებული, ან/და რელიგიის საკითხებზე მომუშავე პირების პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების, გაჟონვის თაობაზე. კრებსები, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2013-2021 წლებში მასობრივი უკანონო ფარული მიყურადების შედეგად მომზადდა, მოიცავდა განმცხადებლების კერძო სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციასაც.

განმცხადებლებმა, ისევე როგორც სავარაუდო მოსმენების სხვა არაერთმა ადრესატმა, დაადასტურეს კრებსებში გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობა. როგორც გავრცელებული მასალების შინაარსიდან ჩანს, ხდებოდა განმცხადებლების ყოველდღიური კომუნიკაციების მიყურადება და ჩაწერა, მათ შორის, მათ საქმიანობასა და ბენეფიციარების სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ე.წ. კრებსების შინაარსის გათვალისწინებით აღქმადი იყო, რომ სავარაუდოდ სუს-ი განმცხადებლებსა და სხვადასხვა პირებს შორის როგორც საქმიან, აგრეთვე პირად კომუნიკაციას ისმენდა და იწერდა. ფარული მოსმენა სავარაუდოდ ღია სატელეფონო ქსელზე მიმდინარეობდა და მას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. სავარაუდოდ, სუს-ი მოსმენას ყოველდღიურად ახორციელებდა.

ამასთან, კრებსებში ასახული კომუნიკაციები არ უკავშირდება დანაშაულის გამოძიების ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნებს, რაც ცხადად მიუთითებს მოსმენების უკანონო და თვითნებურ ხასიათზე. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იძებნება სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ფარული მიყურადების კანონის შესაბამისად წარმოებას. განმცხადებლების წარმომადგენლებმა არაერთი სახელმწიფო უწყებას მიმართეს ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა, ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ განმცხადებლების მიმართ ფარული მიყურადება არ წარმოებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად. მათივე შეფასებით, გაჟონილ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებლები დავობენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში.

მსგავსი თემები