კიევში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

კიევზე 8 ივლისს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 82 ადამიანი.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ბოლო დროს არსებულ მონაცემებს ავრცელებს:

სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა 7 რაიონი – სოლომიანსკის, დნიპროვსკის, დარნიცკის, სვიატოშინსკის, დესნიანსკის, შევჩენკოვის და ჰოლოსიევსკის.

შევჩენკოვის რაიონში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო “ოჰმატდეტის” შენობის ორი სართული, საერთო ფართობით დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი. დაიღუპა 2 ზრდასრული ადამიანი, მათგან ერთი ექიმი და 10 დაშავდა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა. სამაშველო სამუშაოები და ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მთლიანად დაინგრა ამავე რაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო, დანარჩენი დაზიანდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია, დაშავდა 18, გადაარჩინეს 7 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

სოლომიანსკის რაიონში დაინგრა ბიზნეს ცენტრის ორი სართული – საერთო ფართი 1500 კვადრატული მეტრი. გაჩნდა ხანძარიც. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 9. სამაშველო სამუშაოები დასახელებულ ადგილას დასრულებულია.

ჰოლოსიევსკის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაშავდა 22 ადამიანი. მიმდებარედ დაზიანდა საბავშვო ბაღი, ავტოფარეხები და ცეცხლი გაუჩნდა 10 მანქანას.

დნიპროვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად ოთხსართულიანი სამედიცინო ცენტრის შენობა ნაწილობრივ განადგურდა. დაიღუპა 9 და დაშავდა 5 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

დედაქალაქის დარნიცის რაიონში კერძო სახლი დაზიანდა. დაშავდა 1 ადამიანი. პარალელურად, ხანძარი გაჩნდა დესნიანის რაიონში მდებარე ორსართულიან კერძო სახლში, რომეიც ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

სვიატოშინის რაიონში, თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამრეწველო შენობაში. ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაზიანდა კერძო სახლები და კოლეჯის შენობა. დაშავდა 5 ადამიანი.

მსგავსი თემები