,,ალბათ განიცადეს ძალიან და ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ” – ქაცარავა დღეს დაკითხვაზეა დაბარებული

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, აქტივისტი დავით ქაცარავა საქალაქო სასამართლოში, დღეს 14:00 საათზე, დაკითხვაზეა დაბარებული. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. უცნობია კონკრეტულად რა მუხლის დარღვევას ედავებიან აქტივისტს, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი.

,,როდესაც უნდა გადავეყვანე კლინიკაში, მაშინ მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა, რომ მე ადმინისტრაციული წესით ვარ დაკავებული. აი ეს ინფორმაცია მქონდა, თუმცა მას მერე უკვე თვე ნახევარია გასული. აი ამ საქმის ახლა დაწყება უკავშირდება ალბათ ახალ გარემოებებს, რომლებიც აღმოაჩინეს და ალბათ დაზარებულები ჰყავთ სპეცრაზმელები და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი სპეცრაზმელების, ასე ვთქვათ დააკომპენსირონ მათი მძიმე მორალური მდგომარეობა. ალბათ განიცადეს ძალიან და ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ. ეს არის ჩემთვის გაუგებარი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, როდესაც ერთ საქმეზე, რომელიც მთელმა ქვეყანამ ნახა რა დღეში ჩამაგდეს ამ ჯალათებმა, დაზარალებულად ცნობილზე, ასევე მცნეს ბრალდებულად და ახლა კიდევ ამაზე მასამართლებენ. თუმცა ნუ ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია,” – განაცხადა ქაცარავამ.

ადვოკატის თქმით, მისთვისაც და ქაცარავასთვისაც უცნობია კონკრეტულად რა ოქმია შედგენილი.

,,არ ვიცით რაში მიაჩნია შსს-ს ბატონი დავით ქაცარავა სამართალდარღვევად”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ქაცარავას საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები