„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები“ – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სომხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, არ მოსწონს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მირზოიანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, – ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, სოხუმში ყურადღებას ამახვილებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე”.

„შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში. აფხაზეთის სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის გვერდით, იარაღით ხელში, იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ქართველი აგრესორებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სომხეთმა დევნილების დაბრუნების რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირა მხარი.

მსგავსი თემები