აითაჯ შახმიროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, მტკიცებულებების მიხედვით, 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმიროვა მსჯავრდებულმა  იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.  დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა გოგონას ოჯახის წევრებმა იგი უკან დააბრუნეს.

“6 ოქტომბერს, ბრალდებულმა,  14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად აითაჯ შახმიროვა ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილს (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), სასამართლომ ქმედება 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სრულწლოვნის სექსუალური კავშირი16 წლის ასაკს მიუღწეველთან) გადააკვალიფიცირა და საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის,  14 წლის აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნის დედა და ბიძა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე,  დედას 3 წლით, ხოლო ბიძას – 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარდგენლი აქვთ აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ბიძას და ბიძაშვილს.  საქმე  იხილება თელავის რაიონულ სასამართლოში.

მსგავსი თემები