უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი პატიმრობაში დატოვა. აბაშიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძეს ამბობს, რომ მხარეებს შორის მტკიცებულებების გაცვლა არ მომხდარა. მისივე მტკიცებით, პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს არ აძლევს.

“ასევე, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გხვდება, მათ ჩხრეკის ოქმი, სავარაუდოდ, 2-3 დღის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ჩატარებიდან. ჩხრეკის ოქმში გამომძიებლად დაფიქსირებულია პირი, რომელიც მანამდე ამავე საქმეზე მოწმედ იყო გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის მოპოვებული… მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული, ამ სახლში არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკა არ გადაუღიათ, თუმცა, შეგახსენებთ, რომ საჯაროდ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც უჩა აბაშიძის სახლშია გადაღებული, სადაც იარაღი იატაკზე ეყარა. ეს კადრები ჯერ შსს-მ გაავრცელა, მერე ტელევიზიებმა. როგორ შეიძლება თქვა არ გადაგვიღიაო, როცა ვიდეო გავრცელებულია და პროკურატურამ ეს ვიდეო ბრიფინგზეც საჯაროდ გაავრცელა. ბუნებრივია, გამოძიების მიმართ სანდოობა ნულის ტოლია“- განაცხადა თუთბერიძემ.

დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი თემები