საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 4 კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 4 კანდიდატი წარედგინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” წარმოადგინა, იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე პარტია ,,საქართველომ” წარმოადგინა.

მათი ცნობით, კიდევ ერთი კანდიდატია გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც განცხადების მიხედვით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” წარმოადგინეს.

,,ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. ამ ეტაპზე სულ 9 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა”, – წერია განცხადებაში.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

მსგავსი თემები