„ერთი ახირებული პროკურორის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი“ – იულია სუსლიაკის დამცველი

  •  

უკრაინის სახელმწიფოს დელეგაცია, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელინსკის ოფიციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, უკრაინის მოქალაქეების – 10 ბავშვის საქართველოში დაბრუნებას დღესვე ითხოვს.

დელეგაცია, სახელმწიფო დონეზე, საქართველოში შეხვედრები ჰქონდა და დოკუმენტებითა და ექსპერტების ჩართულობით ამტკიცებს, რომ ათივე შვილი, რომელთა მიმართაც ტრეფიკინგის განზრახვას დაკავებულ იულია სუსლიაკს ედავებიან, მისი შვილებია.

აღნიშნულ ხმაურიან და სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინული დელეგაციის წევრებმა და იულია სუსლიაკის ქართველმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთეს.

„ეს არის შეთითხნილი საქმე. სავარაუდოდ, სურათი იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველომ, ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი. ბრალის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება, რომ მან უკრაინაში, შეიძინა 10 ბავშვი, ჩაიყვანა რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ გაფრინდა აშშ-ში, იქაც შეიძინა 1 ბავშვი, ჩამოიყვანა რუსეთის ფედერაციაში, ამ 11 ბავშვიდან 1 ბავშვი გაყიდა და 10 დარჩენილი ბავშვი ჩამოიყვანა თბილისში, რათა აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით გაეყიდა შემდეგ სხვა ბავშვებიც. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საქმეში დღეის მდგომარეობით, ერთი მტკიცებულებაც კი არ დევს. ბრალი შედგენილია ბიო სოციალური მოვლენის მიერ, რომელსაც ცნობიერებასთან რაღაც პრობლემა უნდა ჰქონდეს. რამეთუ, საღად მოაზროვნე პროკურორი ასეთი დაუსაბუთებელი ბრალით, საქმეს არა თუ უნდა აგზავნიდეს სასამართლოში, არამედ ხელიც არ უნდა მოაწეროს. დავდექით ერთი რეალური ფაქტის წინაშე, რომ ფაქტიურად, სასამართლო ხელისუფლება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ, ასეთი დაუსაბუთებელი ბრალით გაბედოს პროკურორმა და საქმე მიიტანოს სასამართლოში. თვენახევარია, გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონმა თეა გიორგაძემ ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად“ – აღნიშნა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები