,,სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი” – კუბილიუსი

,,სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

,,ვფიქრობ, ყველაფერი, რაც თქვა ბორელმა და რაც განხილულ იქნა საგარეო საქმეთა საბჭოზე, როდესაც საკმაოდ კრიტიკული კომენტარები გაკეთდა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის შესახებ და ასევე უცხოელი აგენტების კანონისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ, ეს ყველაფერი იქნება დამტკიცებული საბჭოზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ეს მთავრობა არის ხელისუფლებაში ან სანამ ის ისეთ ქმედებებს ახორციელებს, როგორსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, საქართველოს გზა ევროინტეგრაციისკენ იქნება ჩახერგილი. სწორედ ეს არის მესიჯი ევროპელი ლიდერებისგან და ვფიქრობ, ევროპული საბჭოც ასეთივე კომენტარებს გააკეთებს.

იქნება ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილები, რომ საქართველო არ იქნება მოწვეული მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ეს ხდება დღეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. გარდა ამისა, იქნება დაფინანსების შეწყვეტა და თუ საქართველოს მტავრობა გააგრძელებს ასეთ ქმედებებს, შესაძლოა მომავალში უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც იქნას განხილული. თქვენ იცით, რომ ევროპული საბჭო და საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავენ შესაძლო ზომების მთელ რიგს და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი ზომების მიზეზი არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ექნება საშუალება, რომ ეს შეცვალოს უახლოესი საპარლამენტო არჩევების დროს. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთიანობის პაქტს, რომელიც დაეხმარება ქართული ოცნების თავიდან მოშორებაში, რადგან ეს არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს ევროინტგერაციას ხელს უშლის.

მე არ მგონია, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა ვაფასებდეთ ქართული ოცნების წევრების განცხადებებს, მათ შორის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უცხოელი აგენტების კანონი 20-30%-ით ზრდის ქვეყნის ევროკავირში გაწევრიანების შანსებს. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და საკმარისია მოუსმინოთ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებებს და ზოგჯერ შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ქართული ოცნების” წევრებს ინგლისური ნორმალურად არ ესმით. ჯოზეფ ბორელმაც თქვა გუშინ და მანაც აღარ იცის, როგორ აუხსნას საქართველოს მთავრობას, თუ როგორი უარყოფითი შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ კობახიძეს არ ესმის, რამდენად დიდ დანაშაულს ჩადის საქართველოს მომავლის წინაშე და “ქართული ოცნების” მმართველობა ნამდვილად შავი ლაქა იქნება საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა კუბილიუსმა ,,მთავართან”.

მსგავსი თემები