„პორტუგალია ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს“- ზივზივაძე

„პორტუგალია კლასით მაგარი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი თამაშით წარმატებებს მივაღწიოთ“- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

ზივზივაძემ ჩეხეთთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ფიზიკურად ძლიერი იყო.

„დავიწყებ იმით, რომ მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში და გვგულშემატკივრობს. მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ. ორი განსხვავებული თამაში იყო. თურქეთი ტექნიკური გუნდია, ვიდრე ჩეხეთი. ჩეხეთი ფიზიკურად უფრო ძლიერია და რაღაც მომენტებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლები. ის გოლი, რომელიც მივიღეთ, ამას მოჰყვა. თუმცა მაინც ბოლო მომენტამდე გვქონდა მოგების შანსი. მაინც ბედნიერები ვართ, რომ პირველი ქულა საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვეთ. თურქეთთან ბევრი მომენტი გვქონდა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა“- ამბობს ფეხბურთელი.

ბუდუ ზივზივაძის თქმით, პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია ჩემპიონატის, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრების თავისი ამბიციები აქვს.

„თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამ გუნდით და იმით, რომ ღირსეულად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება მესამე თამაშს, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს. თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი 26-ში მოედანზე გამოჩნდება. პორტუგალია კლასით მაგარი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი თამაშით წარმატებებს მივაღწიოთ”- ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

 

მსგავსი თემები