„კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა, ვართ მისი ჩამთავრების ეტაპზე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია, ახლა ვართ მისი  ჩამთავრების სტადიაში. ეს არის პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრული“ – აღნიშნული  განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური ციფრები.

„შაბათ-კვირის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოდან პირველად, ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი იყო 2 000-ის ქვემოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შაბათ-კვირას ორი თანმიმდევრული დღე დაფიქსირდა 1000-ზე ნაკლები ინფიცირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 2 თვეზე მეტ ხანს არ ყოფილა. თუ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი წინა სამშაბათის რიცხვს გადააჭარბებს, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არის „ომიკრონის“ ზემოქმედება და ქვეყანაში შემთხვევების მატება განპირობებული იქნება არა „დელტა“ ვარიანტით, არამედ „ომიკრონით“. ამ მხრივ ეს კვირა არის გადამწყვეტი“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პროფესორის შეფასებით, მომდევნო 7-10 დღე შემთხვევების მატება გვექნება.

„საქართველოში იანვრის შუა რიცხვებში უნდა იყოს „ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი. ასევე, სავარაუდოდ, ეს შემთხვევები შეიძლება იყოს რაოდენობრივად გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა პანდემიის მიმდინარეობისას ყოველდღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი ციფრი – 6 200 ინფიცირებული, რომელიც 17 აგვისტოს დაფიქსირდა. ეს კვირა არის ორმხრივ მნიშვნელოვანი – ჩვენ შეიძლება დავაფიქსიროთ, რომ პანდემიის მე-5 ტალღა აგრძელებს ჩამთავრების სტადიას და მრუდი ისევ ქვემოთ წავა ან ამ კვირაში დაფიქსირდება შემთხვევების მატება, რაც გამოწვეული იქნება „ომიკრონით“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები