EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს 24 ივნისს, ლუქსემბურგში შეხვედრისას, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასთან მისი ომის გამო, სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.

,,დღევანდელი პაკეტი მოიცავს შემაკავებელ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას

ევროსაბჭომ დღეს მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-14 პაკეტი პუტინის რეჟიმისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს მის კრიმინალურ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ზომები გამიზნულია რუსეთის ეკონომიკის მაღალშემოსავლიან სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა, და კიდევ უფრო გაართულებს EU-ის სანქციების გვერდის ავლას,” – წერია ანგარიშში.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 27 ტანკერს, რომლებიც ახორციელებენ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, G7-ის მიერ დადგენილი ფასის ზღვარის მიუხედავად.

სანქციები ასევე მოიცავს:

ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სერვისების გადატვირთვის აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის ოპერაციების მიზნით;
ახალი ინვესტიციების აკრძალვას მშენებარე LNG პროექტების დასასრულებლად;
,,ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის” (SPFS) გამოყენების აკრძალვას;
პორტში შესვლის აკრძალვას და რუსეთის ომში მონაწილე გემებისთვის მომსახურების მიწოდების აკრძალვას;
ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას;
შემდგომი იმპორტ-ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.

მსგავსი თემები