,,როდესაც ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, ამას პარტნიორულ ფარგლებში მხარი უნდა დაუჭირონ და არა იეჭვიანონ” – ანრი ოხანაშვილი

,,ეკონომიკური სტიმულირება, მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, ამას პარტნიორულ ფარგლებში მხარი უნდა დაუჭირონ და პროცესში წვლილი შეიტანონ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს გააძლიერებს.

„ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად ისეთ ადგილმდებარეობაზეა, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე სხვადასხვა ქვეყნების შესაძლებლობების გამოყენების. აქედან გამომდინარე, ეს წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ჩვენ სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებით. ეკონომიკური სტიმულირება, მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა ჩვენთვის არის პრიორიტეტული.

აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშია და ამაზე ვინმემ კი არ უნდა იეჭვიანოს, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურ სივრცეებს ვავითარებთ, არამედ მხარი უნდა დაუჭირონ და პარტნიორულ ფარგლებში ამ პროცესში წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც, ევროკავშირი, დასავლური ქვეყნები, აშშ ჩინეთთან ურთიერთობს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი ეკონომიკური ბრუნვა აქვს, ლოგიკურია, რომ ეს საქართველოს ინტერესიც არის.

„ამ შემთხვევაში ევროკავშირი, დასავლეთის ქვეყნები, აშშ ჩინეთთან ვაჭრობს, ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და, მითუმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ჯდება ორმაგად ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ეს სივრცე გამოსაყენებელია და მეორე, თუკი შენი სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ ურთიერთობს, მით უმეტეს, შენთვის ეს მისაბაძი მაგალითია. ამიტომ, აქ ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები