როგორ აისახება პურის ფასზე დოლარის კურსის ცვალებადობა და პურის ნედლეულზე ფასების ზრდა – მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში“

,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თუ როგორია ქვეყანაში ფქვილის მარაგი. ასევე, დოლარის კურსის ცვალებადობა და პურის ნედლეულზე ფასების ზრდა როგორ აისახება საბოლოო პროდუქტზე – პურზე.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3- თვიანი მარაგი არსებობს. ეს მარაგები გარდამავალია და პერიოდულად ივსება. ამიტომ ცხობის სექტორიც მუშაობს და ფასებიც სტაბილრია.

მისი თქმით, დოლარის კურსის მატება რუსულ ფქვილზე აისახა. რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი შედარებით გაძვირდა და ამიტომ, ახლა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვართ დამოკიდებული.

,,რუსეთიდან ფქვილს ადრე გვაწვდიდნენ 52 ლარად, ახლა 56-57 ლარია. ამის გამო, ბოლო ერთი თვეა, რაც საგრძნობლად შემცირდა რუსეთიდან ფქვილის შემოტანა. ალბათ, წამომღებისთვისაც და მყიდველისთვისაც რენტაბელური არ არის ამიტომ, დღესდღეობით ვართ ადგილობრივ წისქვილებზე დამოკიდებული. გაიზარდა ადგილობრივი ფქვილის ფასიც. ადრე 50 ლარი იყო ახლა 52 ლარია”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ‘,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან შემცირდა ფქვილის შემოტანა, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგია იმისთვის, რომ ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნას და პურის ფასი არ გაიზარდოს.

,,ქართულმა წისქვილებმა ხორბალი შემოიტანეს. ასევე, 200 000 ტონამდე არის მოსალოდნელი ხორბლის მიღება კახეთის რეგიონში. ასევე, არ ჩაკეტილა ფქვილის მიღების რუსული მხარე და იქიდანაც შემოდის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები შესაბამის უწყებებთან და მიუხედავად დოლარის ცვლილებისა, ყველანაირად ვეცადეთ, რომ პურზე ფასი არ გაზრდილიყო”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორია ქვეყანაში ფქვილის მარაგი – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

მსგავსი თემები