ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირი ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

,,საბჭომ დღეს გადაწყვიტა განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2025 წლის 23 ივნისამდე… ევროკავშირი არ ცნობს და კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას”, – წერია განცხადებაში.

ამჟამად მოქმედი სანქციები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა. შემაკავებელი ზომები მოიცავს, ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

განცხადების თანახმად, 2022 წლიდან რუსეთმა კიდევ უფრო დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით. ევროკავშირი მტკიცედ რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის მის თანდაყოლილ უფლებაში და ეძღვნება არაღიარების პოლიტიკის სრულად განხორციელებას.

მსგავსი თემები