მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO-ში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს არ მიუღია – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის წარდგინება საფრანგეთში საქართველოს ელჩისა და NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ მიუღია. ადმინისტრაციამ აღნიშნული პასუხი დეპუტატ თეონა აქუბარდიას გაუგზავნა, რომელმაც ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართა.

პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არ გამართულა წინასწარი კონსულტაციები ელჩების კანდიდატურების შერჩევისა და კანდიდატურებზე შეთანხმების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა ელჩობის კანდიდატების სია, თუმცა მათ შორის, არ არის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი და გვარი, რომელიც NATO-ში ელჩად განიხილება. მანამდე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ “პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს”.

ცნობისთვის, ბურჭულაძემ თებერვალში განაცხადა, რომ მაშინ ახლად დანიშნული პრემიერისგან, ირაკლი კობახიძისგან შემოთავაზება მიიღო, განეხილა NATO-ში ელჩობის თანამდებობა.

მსგავსი თემები