“თქვენი უფლებები ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში”- პრეზიდენტი შშმ პირებს

“დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება  ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ”- განაცხადა საქართველოს პრერზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპონენტებზე ძალადობას რუსული სტილის პოლიტიკა ჰქვია.

„14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, შშმ პირთა უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული.

“მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა – თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია. ვისურვებდი, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სწორედ აზრის გამოთქმის თავისუფლება (თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში); აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი.

თქვენი უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოფიო სიჭინავა, უჩა ვახანია და დიმიტრი წვერავა ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები