ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა

„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მთლიანად ხელში ჩაგდება სურს.

„ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა: „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, დიალოგის დაწყებისთვის საჭიროა, უკრაინამ ჯარები გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, ყველა დასავლური ანტირუსული სანქცია უნდა მოიხსნას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

პუტინის განცხადებით, რუსეთი ასევე დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას იძლევა, თუ ასეთი გადაწყვეტილება კიევში იქნება მიღებული. როგორც მან აღნიშნა რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

მსგავსი თემები