აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

„აკაკი ჩხენკელი სრულიად ახალგაზრდა ებრძოდა აფხაზეთში იმპერიულ პოლიტიკას, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია. ამ ბრძოლაში თედო სახოკიასთან, ამბროსი ხელაიასთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის. ამის გამო, მაშინდელმა ხელისუფლებამ აკაკი ჩხენკელი და სხვა მოღვაწეები 1904 წელს კავკასიიდან გადაასახლა. მის საქმიანობაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა ეროვნულ საკითხს. ის იყო დიდი პატრიოტი და მამულიშვილი“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთში, ოქუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სოხუმის უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარდა.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო ჭუმბურიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელის შთამომავლები.

კონფერენციას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები