შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს წერილით მიმართავს. პაპუაშვილის მიმართვა საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერებას ეხება.

„წავიკითხე თქვენი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის მარტიდან მოქმედებს მედიის აკრედიტაციის წესი (წესი თან ერთვის წერილს). იგი ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული წესი პარლამენტში ადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს.

ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მანამდე გაცემული ქაოტური ყოველდღიური ნებართვების ნაცვლად, წლიური სააკრედიტაციო ბარათების მქონე ჟურნალისტებს ახლა შესაძლებლობა აქვთ, პარლამენტის თანამშრომლების მსგავსად ნებისმიერ დროს შემოვიდნენ პარლამენტში, წინასწარი ნებართვის გარეშე (თუ შენობაში არ მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი) და პარლამენტის ნებისმიერ კუთხეში ჩაწერონ ნებისმიერი პარლამენტის წევრი. თითოეულ ეროვნულ მედიას უფლება აქვს, ყოველდღიური საქმიანობისთვის პარლამენტში ჰყავდეს მედიის წარმომადგენლების ათი ჯგუფი (თითო ჯგუფში სამი ადამიანი)“- ნათქვამია განცხადებაში.

პაპუაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ გარკევულ წესებს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წლიური აკრედიტაცია ამ დროისთვის 339 ჟურნალისტს აქვს მიღებული. წესის შემოღების შემდეგ, პარლამენტის სასახლეში 22,839 შემოსვლა დარეგისტრირდა, ხოლო მედიის აკრედიტაციის შეჩერების მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ყველა შემთხვევაში დარღვევა ეხებოდა რესპონდენტების მიერ გასაუბრებაზე უარის თქმის შემდეგ ჩართული კამერებით მათ ადევნებას. ეს გახლდათ ინდივიდუალური სანქცია, ანუ იმ მედიასაშუალებებს, რომელთა ჟურნალისტებსაც დროებით შეუჩერდათ აკრედიტაცია, ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ პარლამენტში დანარჩენი ცხრა ჯგუფის ოპერირებით. გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი რჩება მედიის კეთილსინდისიერებისა და სანდოობის ხელშეწყობის ერთგული, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია და ხელი შეეწყოს დემოკრატიულ განხილვებს.

თქვენო აღმატებულებავ, გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი“ – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

მსგავსი თემები