,,მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არაა” – სუს-ის უფროსის მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, რატომ არ აკავებენ რუსეთის ჯაშუშებს და საზოგადოებას ამ საკითხზე ინფორმაციას რატომ არ აწვდიან, ბატიაშვილი პასუხობს, რომ მთავარი არა დაკავება, არამედ ჯაშუშების გამოვლენაა, რასაც აკეთებენ.

მას ჰკითხეს ამერიკის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეზეც, რაზეც თქვა, რომ მის საქმეზე ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არაა მოპოვებული.

,,გამოძიება მიმდინარეობს, თქვენთვის ცნობილია, რომ იყო ბატონი ფარცხალაძე გამოკითხვაზე. მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან კომენტარები. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის. მტკიცებულებების მოპოვება არის გამოძიების საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება მოპოვებული არ არის.

კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, მათი დაინტერესების სფეროები განვსაზღვროთ, კავშირები დავადგინოთ. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ”, – თქვა ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები