,,პოლონეთი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას” – ანჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცედურა, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს. განცხადება ანჯეი დუდამ რიგაში, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი შესაძლოა ომის დასრულებამდე გახანგრძლივდეს, თუმცა პროცესის დაწყება აუცილებელია, რაც რუსეთისთვის ძლიერი გზავნილი იქნება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყებას. ეს პროცესი უკრაინისთვის ოფიციალური მიწვევის გაგზავნით უნდა დაიწყოს, რაც რატიფიკაციის დაწყების შესაძლებლობას გააჩენს. ცხადია, ომის დასრულებამდე ნატოში უკრაინის გაწევრიანება არ მოხერხდება, მაგრამ პროცესი უნდა დაიწყოს. ეს იქნება რუსეთისთვის მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინელი ხალხის სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ ესმით და მხარს უჭერენ“, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები