,,მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! – ასეა დღევანდელი ოპოზიციაც” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოს უწოდებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთგვარი წახალისებაა.

„მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაა. ვერავინ ახსნის ბუნებაში, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით გაჟღერდა, ერთგვარი წახალისებაა გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ. ასეა დღევანდელი ოპოზიციაც – არის ნული. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხოთ და ის გეტყვით ზუსტ შეფასებას რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით, კახა კალაძე აცხადებს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2008 წელს, თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.

„დროებით შეიძლება გაიხარონ ადამიანებმა. ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ჩვეულებრივი მოღალატეები. მოღალატეობრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. 2008 წელს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს მათი და მათი უგუნური პოლიტიკის დამსახურებაა. ის რეზოლუციებიც, რომელთაც ხელი მოაწერეს, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს თავს დავესხით, მოღალატეობრივი ქმედებებია. ამ ყველაფრის შემოქმედი ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც დღეს სხვადასხვა დასახელების პარტიებად არიან წარმოდგენილი, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ოქტომბერში გასცემს საკადრის პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები