საპატრიარქოს “ქართული ოცნებისთვის” ულტიმატუმი არ წაუყენებია – განცხადება   

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი სათაურით: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა “ქართული ოცნებისადმი”, – სადაც ჩამოთვლილია ხუთი პირობა რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა შესრულდეს. მათ შორის საუბარია, აზიიდან მიგრანტებისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების ჩამორთმევაზე; უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვაზე; ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების – „გენდერული იდენტობისა“ და „სექსუალური უმცირესობის“ ამოღებაზე, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევაზე და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.

“თურმე არსებობს ვინმე “დაფარული მეუფე” – მოძრაობა “ძლევაი საკვირველის” დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.
განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი ,,დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა “ძლევაი საკვირველი” არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.

ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები