,,როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა” – გამოკითხეს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს

მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დავით კუპრავას თქმით, კითხვები ისეთივე აბსურდული იყო როგორც თავად ბრალდება:

„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ”, – თქვა კუპრავამ.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას მკაფიოდ აუხსნა, რომ იმ ტერიტორიაზე უკვე 2 წელია ყოველდღიურად გადაადგილდება და მას შემდეგ რაც სახლში მიმავალმა დაინახა, როგორ აძლევდა ინტერვიუს “ოცნების” დეპუტატი პარტიულ ტელევიზიას, დაუსიგნალა და დაუძახა – მონა.

ამის შემდეგ წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა და ამტკიცებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს ადევნებას. გომელაურის სამინისტრომაც გამოძიება მყისიერად დაიწყო და “დაზარალებული” წილოსანიც მალევე გამოკითხა. შსს-დან გამოსულმა დეპუტატმა კი აღნიშნა, რომ “ეს იყო ადევნების კლასიკური შემთხვევა და იძულებულია საცხოვრებელი შეიცვალოს”. წილოსანის შემდეგ, შსს-მ კუპრავა დაიბარა, თუმცა მან პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა გამოკითხვა.

მსგავსი თემები