ზესტაფონსა და თერჯოლაში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

მიმდინარე წლის 1 -2 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 22-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 65-მა ბენეფიციარმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 174 ოპტიკური სათვალე, 5 გლუკომეტრი და 50 სათვალის ჩარჩო; თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი, აქციით ისარგებლა 91-მა ბენეფიციარმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 248 ოპტიკური სათვალე, 6 გლუკომეტრი და 90 სათვალის ჩარჩო;

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელი, გიორგი ლილუაშვილი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე. ღონისძიებების ორგანიზებაში, სამსახურს თანადგომა გაუწია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 22 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 2404 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 2922 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

მსგავსი თემები