„მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება“ – პაპუაშვილი

,,მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო, ქვეყანა დაეზიანებინათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაგისტრალების გადაკეტვის მიზანი სწორედ გადაადგილების შეფერხებაა და შესაბამისად ქვეყნის დაზიანება.

,,ამიტომ, ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ქვეყნის წინააღმდეგ ჩვეულებრივად საბოტაჟს ეწეოდა, რაც ძალიან მძიმე ქცევაა. ვხედავდით ქართველ და უცხოელ აქტორებს, რომლებიც ავი სიხარულით უყურებდნენ ლარის კურსს, კომენტირებდნენ: ,,აბა, შეხედეთ ლარის კურსი სად არის და ლონდონის ბირჟაზე აქციის ფასი სად არისო“. ეს ავი სიხარული ზოგიერთ უცხოელს შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ დაბადებით ქართველ ადამიანს ეს ავი სიხარული რომ აქვს, დილით რომ გამოდიან და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე ტაბლოს უყურებენ, იქნებ ერთი თეთრით მაინც გაუფასურდეს ლარი, რომ მერე პანიკა ავტეხოთ და ამაზე ვილაპარაკოთო, ასეთი ქართველები აღმოგვაჩნდა ჩვენს წიაღში, რომლებიც უცხოური ფულით გამოიკვებნენ. ლარის ტაბლოზე დოლარის მხარე აინტერესებთ მხოლოდ და არა ლარის. ეს არის ,,ენჯეოსა“ და ოპოზიციის ის სიმბიოზი, რომელიც ტაბლოს უყურებს და დოლარის გამყარება უხარია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ,,ორომტრიალის მიუხედავად, რის შექმნასაც ისინი ცდილობდნენ, რუსთაველის გამზირს მაინც ვერ გასცდნენ“.

,,მთლიანი საქართველო მუშაობს. გადით რეგიონში, გადით ყველგან, რა საქმიანობა მიდის და ზუსტად ეს აისახება შესაბამისად ეკონომიკაზე, სადაც კვლავ რეკორდული ზრდა გვაქვს. აპრილში ზრდა თითქმის 12 პროცენტია, საშუალო წლიური 9%-იანი ზრდა გვაქვს. სხვათა შორის, ლიდერი ვართ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, თუკი ვინმეს უნდა, კიდევ შეადაროს საქართველო, ჩვენ მეათე ადგილზე ვართ ცხრილში. თუ რომელ ადგილზე ვართ, შეხედონ ჩვენზე მონაცემებს, გინდათ ეკონომიკურს, გინდათ ინსტიტუციურს და ასე გააკეთონ ხოლმე დასკვნები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები