,,მჯერა, რომ გარდამტეხი მომენტი იქნება ჩვენი თანამშრომლობისთვის” – ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტზე

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტია და რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. მის კომენტარს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ცნობისთვის, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.

,,China Communications Construction Company Limited-ი არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველი ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია.

ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ერთობლივი წამოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას “სარტყელისა და გზის” ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის.

ის ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთის მხარდასაჭერად. ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა მე მჯერა, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში,” – თქვა ჩინეთის ელჩმა.

მსგავსი თემები