„ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და გაიმარჯვებს“ – მაიკ ჯონსონი

,,დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში”, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი შეფასებით, განაჩენი წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა სამართლებრივი.

„დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და ის გაიმარჯვებს“, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშვედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები