„დიდი შეცდომა იყო „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებული საკითხები, იმედია არის გამოსწორების შესაძლებლობა“- ალექსანდერ ვერშბოუ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან, ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა. ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ, შესაძლოა, საქართველოს ამ გზაზე დაბრუნების დარჩენილი შანსები ჩამოართვან“- განაცხადა ვერშბოუმ.

რაც შეეხება ნატოს ივლისის სამიტის მოლოდინებს, მისი განმარტებით, შეიძლება იყოს უფრო განახლებული მიდგომა უკრაინის მიმართ და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყოს საქართველოს შესახებ რაიმეს თქმა.

“ეს იმედგამაცრუებელი იქნება, მაგრამ ვშიშობ, ეს სავსებით შესაძლებელია. მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ”,- აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.

 

მსგავსი თემები