ევროპის 7 ქვეყნის სპიკერი პაპუაშვილს ე.წ „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ისინი შესაბამის წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს უგზავნიან. მას ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს და ხელს ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს.

„ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“ – ნათქვამია წერილში.

ისინი აცხადებენ, რომ  ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეშფოთებას იწვევს. ასევე აღნიშნავენ, რომ კანონის, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

“ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“, – წერენ სპიკერები.

 

მსგავსი თემები