საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.7%-ით, 2025-ში კი 5.2%-ით გაიზრდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, არსებობს რისკები, რომლებიც საერთაშორისო ფაქტორების გარდა, ასევე დაკავშირებულია საქართველოში რეფორმების ტემპის კლებასთან, ქვეყნის მმართველობის შესახებ შეშფოთებასთან, სებ-ის მმართველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებთან, თუ სხვა.

BM.GE-ს ცნობით, შეფასებაში ნათქვამია:

,,არჩევნების წინ რეფორმების მომენტუმის შენელება, ასევე ქვეყნის მმართველობის შესახებ მზარდი შეშფოთებები ასევე წარმოადგენს რისკს. თუმცა დადებითი ფაქტორია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისთვის კარგი სიგნალია, ასევე მასთან დაკავშირებულ რეფორმებს საქართველოს გაწევრიანების გზაზე პროგესის მიღწევა შეუძლია.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ. ასევე არსებობს ნაკლოვანებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, რაც დაკავშირებულია სებ-ის მმართველობასა და დამოუკიდებლობასთან. ფისკალური თვალსაზრისით ადეკვატური ბუფერები შენარჩუნებული იქნა, ასევე კარგი პროგრესია მიღწეული საგადასახადო დანახარჯების შეფასების მიმართულებით, ასევე პროგრესი შეინიშნება სახელმწიფო ინვესტიციების მენეჯმენტის მხრივაც. თუმცა, პროგრესი ნელია საშუალოვადიანი შემოსავლების სტრატეგიის შემუშავების, ხარჯვების პრიორიტეტიზაციისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მხრივ, რათა მათგან მომავალი ფისკალური რისკები შეიზღუდოს”.

მსგავსი თემები