იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა.

კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა “უკადრებელი იკადრა” და გამბედაობა არ ეყო, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

გიორგი მსხილაძემ კი არაერთხელ განმარტა, რომ არ შევიდოდა მუხლობრივ განხილვაში რადგან კანონი მთლიანად, პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით, გასაუქმებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

,,ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია, ჯერჯერობით კიდევ”, – თქვა ოხანაშვილმა

სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი მსხილაძემ თქვა:

,,ყველზე სამწუხარო არის ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით და აღნიშნული პროცესით, ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე. დეპუტატების დაყვანა, რომ ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი, აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის რაში აინტერესებს, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ, აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე”.

მსგავსი თემები