,,თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რაც არ არის საპატიებელი. ვერ გახვალთ ამ დარბაზიდან” – დეპუტატი პრეზიდენტის წარმომადგენელს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აპირებენ ვეტო დაძლიონ, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროსკენ ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა – “ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები”.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლას ,,არაადეკვატურს” უწოდებს.

,,გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი და ჩვენი საზოგადოება ნახავს, თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია, სხვისი დაწერილია თუ ვისი დაწერილიც არის.

ვფრთხილობ შეფასებებში, მაგრამ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც არ არის საპატიებელი და ამაზე პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას”, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

მსგავსი თემები