„სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა“ – პრეზიდენტი ლიდერობას საკუთარ თავზე იღებს

„ქართული ქარტია“ – ეს არის პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დრეს წარადგინა.

„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც  მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა,

სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა“ – აცხადებს საქართველოს პრზიდენტი.

მისი განმარტებით,  სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი.

„სხვანაირი ერთობა…  გეტყვით რას ნიშნავს – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა, იმის შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია. ეს უკვე მე არ მეხება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება სხვანაირ არჩევნებს, პრეზიდენტის განმარტება შემდეგია:

„სხვანაირი არჩევნები – დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, თავისი სახე, პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს, ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ესეიგი, ევროპულ მომავალს“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება სხვანაირ პარლამენტს და მთავრობას, ის გულისხმობს შემდეგს:

„ეს იქნება სხვანაირი პარლამენტი – ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული  გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს, მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.

სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები