„ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, რეპრესიები, ცენზურა“- პრეზიდენტი

„გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში და რეალური ომის პარტია მხოლოდ ერთია, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ.

„ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია, მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღშიც, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები