,,თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით” – კალაძე

თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი ურთიერთობები, სხვა სახელი ჰქვია და ქართველი ხალხი ამას ხედავს, რომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდით, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის? თქვენ არ იყავით, სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, ევროპულ ღირებულებებს შორდებითო. ეს არის დემოკრატია და ევროპულობა? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს თქვენი განცხადებებით.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები. გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები, ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყო, რაც უკრაინაში, არ გამოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები