,,ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ ცვლილებები შეაქვს

,,ქართულ ოცნებას” ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ისევ შეაქვს ცვლილებები, რომლითაც უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი. ეს ჯგუფი იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. საკონსულტაციო ჯგუფის შექმენა 2021 წელს “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით გადაწყდა – მასში არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი უნდა იყოს. ჯგუფი ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან.

გარდა ამისა, იცვლება ცესკოში სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ცვლილებების ინიცატორები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ქეთევან ჩარკვიანი არიან.

რაც შეეხება სხდომაზე კენჭისყრას, ცვლილებების მიხედვით, კანონის მე-8 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:

,,თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა”.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ “კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას”.

მსგავსი თემები