,,განა რა ღირს ეს კანონი ამდენი, როცა ქვეყანას ტურიზმიდან მილიონებს აკარგვინებენ” – შალვა ალავერდაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,წელს, როდესაც ჩავთვალეთ, რომ თანდათანობით უკეთესი წელი გვაქვს, უკეთესი ჯავშნები მოდის, ხელახლა დაინიცირდა კანონი. მინდა ვიკითხო: რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა”, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ,,მედიაცენრ მთავარში” ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბანდებას ერიდებიან.

,,განა რას აკეთებს ეს კანონი ამდენს, რად ღირს ეს კანონი, როდესაც საუბარია ჩვენი სექტორისთვის მილიონობით შემოსავლის დაკარგვაზე. კანონს იმისთვის იღებენ, რომ რაღაც გაუმჯობესდეს და დარეგულირდეს, ჩარჩოებში მოექცეს რაღაც. ამ შემთხვევაში, ამ კანონის ახლიდან გამოტანა რად ღირს, რომ ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა, რყევები.

ამ სექტორში ინვესტიციების მიმზიდველობა საკმაოდ შენელებულია. ძალიან ბევრი ინვესტორი, ისედაც ფიქრობდა, რომ სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბანდება მომგებიანი აღარ იყო, ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით იფიქრეს, რომ ფულის დაბანდება არასასიამოვნოა, ბევრი ფიქრობს გადაწყვეტილების შეცვლას“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე თქმით, მაისის თვის ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა და ყველაზე ცუდი ფაქტია ის, რომ ივნისის ჯავშნებიც არ იმატებს.

„ამ ეტაპისთვის, ევროპელი ტურისტების რაოდენობა ისე ვერ იზრდება, როგორც გვინდოდა. ჩვენი მთავარ სტრატეგიული მიმართულება იყო ევროპიდან ბევრი ტურისტის მოზიდვა. მაგრამ, როცა ქვეყანაში ასეთი დაძაბული ვითარება და აქციებია, რა თქმა უნდა, ტურისტებიც თავს იკავებენ აქ ჩამოსვლაზე. როცა ქვეყანაში საპროტესტო აქციებია, როცა ხალხსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაა, ასეთ ქვეყანაში წახვალთ დასასვენებლად?” – აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“განა რა ღირს ეს კანონი ამდენი? ტურისტების ჯავშნებს აუქმებენ” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები