,,ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა ამ მინისტრებს ხელს მოკიდებდა და ,,პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან”. ის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლას “სამარცხვინო ფაქტს” უწოდებს.

,,ნუ, ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია, ეს ყველაფერი, იმართება გარედან. და ამის დამადასტურებელი იყო ის რამოდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი. ეს არის ძალიან შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან.

ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერცერთმა და ვერცერთმა,” – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსგავსი თემები