,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა” – აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს… სანამ პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, ცენტრში დამაგდეს, მერე ქვემოთ დაგდებულზე მირტყამდნენ”, – ამბობს 14 მაისს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სტუდენტი, ზურა ჩაკვეტაძე იზოლატორის დატოვების შემდეგ.

,,თავიდან მე ჩვეულებრივად ლაპარაკი დავიწყე, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით იქ და წამოვიდა იქიდან უცენზურო სიტყვები. მე მინდა, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვრო, ღირსეულ ქვეყანას აშენებს ღირსეული ადამიანები და ღირსეული ადამიანები ისაზღვრებიან თავიანთი ქმედებებისგან და იმ ადამიანებმა იმდენად დიდი შეურაცხყოფები მომაყენეს მე მგონია, რომ ღირსეული ადამიანი მაგას არ მოითმენდა და მე როგორც ჩემ თავს ვთვლი ღირსეულ ადამიანად, საკადრისი ღირსეული პასუხი დავუბრუნე უკან.

მის მერე, არიქა, დაარტყეს ტაში და ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს. სანამ პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, ცენტრში დამაგდეს, მერე ქვემოთ დაგდებულზე მირტყამდნენ. მანქანაში რომ ჩამაგდეს, მერე კიდე მანქანაში მინიმუმ 10 წუთი მირტყამდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფაც ხომ აი რაღაცა საზიზღრობა და საშინელება”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

მსგავსი თემები