,,ნახევარი საათის განმავლობაში ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა დეტალურად ყვება, თუ როგორ გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

როგორც მან აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის იდგა და სამართალდამცველებს ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს ათობით სპეცრაზმელმა ქაცარავა ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით გაუსწორდა.

დავით ქაცარავას თქმით, მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მანქანაში ჩასვეს, მასზე სპეცრაზმელებმა ფიზიკურად კიდევ ერთხელ იძალადეს.

სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, მძიმე დაზიანებების გამო, პოლიციის თანამშრომლებმა სამგორის განყოფილებაშივე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაეყვანათ.

,,დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტისმაგვარი გამონაზარდები ჰქონდათ. ზუსტად ასეთი დარტყმებით და ხელთათმანებით ხდებოდა ჩემზე თავდასხმა. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს. მათი კერძო ინიციატივა არ იღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ჩამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა მაქვს საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს პლასტინა”, – ამბობს ქაცარავა.

მსგავსი თემები