აქციაზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია – ადვოკატი

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაცემია.

,,ადვოკატთა ქსელში შემოსული არის დაახლოებით 160 შეტყობინება და ჩვენ ყველა მათგანთან შეხვედრა და კომუნიკაცია უკვე მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან დღეს დილით დაკავებულები. აბსოლუტური უმრავლესობა არის ნაცემი და ჩვენ ბოლო დღეებია ვხედავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ნადირობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც არა რომელიმე უცხო ძალის, არამედ კარგად ნაცნობი ოკუპანტის გავლენების გასაპროტესტებლად არიან განგრძობად რეჟიმში ქუჩებში გამოსული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ნაცემები, არიან ძალიან მხნედ და გული მხოლოდ იმაზე სწყდებათ, რომ ახლა ჩვენ გვერდით არ დგანან. მე მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, რომლებიც ნერვიულობენ დაკავებულებთან დაკავშირებით. მინდა იცოდეთ, რომ პროცედურულად ჩვენს კომუნიკაციას გარკვეული საათები სჭირდება. თუმცა, როგორც გითხარით შეგიძლიათ კვლავ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე და ჩვენ ყველა მათგანს აუცილებლად შევხვდებით და ოჯახს ვაცნობებთ მათი მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე კვირებია გავიდა კონსტიტუციური რეჟიმიდან. ჩვენ, ადვოკატები, მზად ვართ, ისინი დავაბრუნოთ სამართლებრივ რეჟიმში და თითოეულ ძალადობას, თითოეულ უკანონობას და მიზანმიმართულ ანგარიშსწორებას, აი, ამ გულანთებული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, აუცილებლად დაერქმევა სამართლებრივი სახელი”, – ამბობს პატარიძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზია: +995 577 07 05 63.

მსგავსი თემები