საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნების მოპარვისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 პირი დააკავეს. ფართომასშტაბიანი ღონისძიება ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის, საფრნაგეთის, ლიეტუვისა და შვეიცარიის კომპეტენტური უწყებების ჩართულობით განხორციელდა.

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების განზრახვა ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებული წიგნების დაუფლება იყო.

,,წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ
ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები