რუსეთის შსს-მ ძებნა გამოაცხადა ქალზე, რომელიც ორ შვილთან ერთად საქართველოში გადავიდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ლიდია პრუდოვსკაიაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა ორ შვილთან ერთად, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო.

მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბარათში აღნიშნულია, რომ პრუდოვსკაია იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ რომელი მუხლით არ არის მითითებული.

ქალი არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნიში ცხოვრობდა. 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არმიის დისკრედიტაციის მუხლით, სოციალურ ქსელ VKontakte-ზე ოთხი პუბლიკაციის გამო, რომლებშიც ის წერდა რუსეთის არმიის დანაშაულებრივ ქმედებებზე უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ბუჩაში. ამ მუხლით ქალს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკითხეს პრუდოვსკაიას 9 წლის გოგონა და 10 წლის ვაჟი, დედას კი დაკითხვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

14 მარტს პრუდოვსკაიამ “ვოტ ტაკ-ს” განუცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში წავიდა ორი შვილით: 11 წლის ვაჟთან და 9 წლის ქალიშვილთან ერთად. მას რუსეთის დატოვებაში ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაეხმარა. ქალს ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჰქონდა დაწერილი. მოგვიანებით, 26 მარტს პრუდოვსკაიამ თქვა, რომ სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა სისხლის სამართლის საქმეზე.

მსგავსი თემები